ლევან დავითაშვილი: კახეთში წარმოებული ე.წ. სუფრის ღვინოებში ალკოჰოლის შემცველობა სულ მცირე 10.5% უნდა იყოს

„გავმიჯნეთ ის, რაც ღვინის წარმოების ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული არ იყო – კახეთში წარმოებული ყურძნის შემთხვევაში, დავაზუსტეთ, რომ, სულ მცირე, 10.5% უნდა იყოს ალკოჰოლის შემცველობა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით, შარშან, რთველის დასრულების შემდეგ დავაანონსეთ, რომ იქნება ქმედითი ნაბიჯები, რათა 2021 წლის რთველი უკეთესად ჩატარდეს და ხარისხის კონტროლი გაუმჯობესდეს. წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რომ სანედლეულო ბაზა უფრო ხარისხიანი იყოს. გარდა იმ მრავალი მიმართულებისა, რომელზეც ვმუშაობთ, ჩვენ გვქონდა ტექნიკური შესწორება რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ რეგიონში, კლიმატიდან გამომდინარე, დავაზუსტეთ სპირტის შემცველობა ისეთ ღვინოებში, რომელიც „სხვა ღვინოების“ კატეგორიაში გადის. იცით, რომ განსაზღვრულია გეოგრაფიული აღნიშვნის, ადგილწარმოშობის, ცქრიალა, შემაგრებული ღვინოებისთვის ალკოჰოლის შემცველობა, თუმცა, იყო ე.წ. სუფრის ღვინოები, რომელთათვისაც ეს განსაზღვრული არ იყო. დავაზუსტეთ, რომ, სულ მცირე, 10.5% უნდა იყოს ალკოჰოლის შემცველობა, კახეთში წარმოებული ყურძნის შემთხვევაში. ჩვენ გვესმის, თუ როგორი კლიმატური პირობებია იქ და თუ სხვა შემთხვევაში, ყურძენი ნაკლები შაქრიანობისაა, რა თქმა უნდა, ის ფიზიოლოგიურ სიმწიფეში არაა და ვერ მოგვცემს ხარისხიანი ღვინის წარმოების საშუალებას. ამავე დროს, გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ცივი კლიმატური ზონები და შესაბამისად, გავმიჯნეთ ის, რაც ღვინის წარმოების ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული არ იყო“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელმა.