„ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

დღეს არ მოხდება სამთავრობო უწყებების შენობების პიკეტირება, სამაგიეროდ დღეს გადაიკეტება რუსთაველის გამზირი – „ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეეთა სამოქმედო გეგმის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი

რიონის ხეობის მცველები თბილისში საპროტესტო მსვლელობას განაგრძნობენ. „ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეების პროტესტის 210-ე დღის ეპიცენტრი თავისუფლების მოედანია, საიდანაც ისინი უკვე რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მათი სამოქმედო გეგმის შესახებ. დღეს ისინი არ აპირებენ სამთავრობო უწყებების შენობების პიკეტირებას, თუმცა გეგმავენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, უფრო კონკრეტულად რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის. აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები გადაკეტავენ გზის სავალ ნაწილს.

,,რადგან ხდება უგულებელყოფა ჩვენი სამართლიანი პროტესტის, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას გვაქვს უფლება, რომ გადავკეტოთ გზა და არ გავხსნათ იქამდე, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.