არჩილ თალაკვაძე – დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის საკითხი ალბათ, მეათეხარისხოვანია

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის საკითხი, ალბათ, მეათეხარისხოვანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და პარლამენტში შევიდნენ.

“ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი ქვეყანაში და პარლამენტში, ალბათ, კიდევ უფრო ცოტა, ვინც ელის ან არ ელის რაიმე გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მთავარ დღის წესრიგში გახლავთ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენა, იმ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში და მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამიტომ შემოვა თუ არა პარლამენტში რომელიმე ის პარტია, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას და მხარს არ უჭერდნენ პოლიტიკის საპარლამენტო სივრცეში გადმოტანას, ეს არის მათი პრობლემა უფრო, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციის. საპარლამენტო ოპოზიცია უკვე ჩართულია პროცესში და ვმუშაობთ ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.