სოზარ სუბარი – თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები

თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც “ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები თუ კანონის დარღვევას ეცდებიან, კანონი ამოქმედდება.

“ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც გრანდიოზული აქცია, ამით ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში და არ მინდა იმ ადამიანების სურვილზე გაიარონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ.

ჩვენ მზადყოფნა დიალოგისთვის არაერთხელ გამოგვიცხადებია. როცა გვქონდა დახურული შეხვედრა, მაშინაც ვუთხარი ქუთაისში და დღესაც მინდა, რომ ეს სახალხოდაც თქვას – კარგი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ასეთ აქციებს იწყებს, რომ მართლა ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგა. ვურჩევდი არ შეასრულონ ჩვენი ქვეყნის მტრების სურვილი, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ საქართველო არ განვითარდეს. რაც შეეხება თბილისის პარალიზებას – ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია თუ კანონის დარღვევას ეცდებიან – კანონი ამოქმედდება. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა, შეიძლება ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და უფრო მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს ვიდრე საერთაშორისო კონვენციები და საქართველოს კანონმდებლობა. თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები”, – განაცხადა სუბარმა.