ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე – აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?

ენერგეტიკაში ყველაფერი დაპაუზებულია – მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს სპონტანურად ხდება, რომ ვერც ერთ რეგიონში ვერ მოხერხდა ჰესის აშენება იმიტომ, რომ ყველგან რაღაც პრობლემები იყო – მე მგონია, რომ ეს არის ორკესტრირებული ამბავი, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში “ “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში სუს-ი ჩართულია და ცდილობს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, რადგან „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას საფრთხე არ დაემუქროს.

„ჩემი აზრით, ლაპარაკია საჭირო. ამ ადამიანებს რა კითხვებიც აქვთ, მაგ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვეს, სხვა გამოსავალი მე არ ვიცი. მე მგონია, რომ საბოლოოდ სიმართლის ლაპარაკი ყოველთვის მუშაობს. თუ ამას შევხედავთ ისე, რომ ეს არ არის მხოლოდ „ნამოხვანჰესის“ ამბავი და სხვა 84 ჰესია და ქარის სადგურებია და ენერგეტიკაში ყველაფერი დაპაუზებულია – მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს სპონტანურად ხდება, რომ ვერც ერთ რეგიონში ვერ მოხერხდა ჰესის აშენება იმიტომ, რომ ყველგან რაღაც პრობლემები იყო – მე მგონია, რომ ეს არის ორკესტრირებული ამბავი. ვის ინტერესში შედის, რომ ჩვენ რუსეთზე ვიყოთ ჩამოკიდებული?! 2006 წელი მახსოვს ძალიან კარგად, ერთ-ერთ ყველაზე ცივ ზამთარში როგორ ააფეთქეს გაზსადენები და როგორ დენის ხაზები. მე არ მჯერა, რომ გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მათ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაუპირისპირდებიან რუსულ ინტერესებს – ეს ზღაპარია, არ მჯერა. ახლა დარწმუნებული ვარ უკვე ჩაერთვებოდნენ იმიტომ, რომ თუ დაინახეს, რომ საფრთხე ემუქრებათ მათ ძალაუფლებას, მაგ შემთხვევაში ისინი ერთვებიან. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ი ჩართულია და რაღაცნაირად ცდილობს ეს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს და „ოცნების“ ძალაუფლებას მართლა რამე საფრთხე არ დაემუქროს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა.

„გუშინ ვუსმენდი, აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა დენი საიდან? ყველაზე იაფი წყარო ეგ გვაქვს და დენი საიდან უნდა მოვიტანოთ? ყველაზე იაფი წყარო ეგ გაქვს და გიჟი თუ არ ხარ, ცხადია, მაგაზე უნდა იფიქრო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.