ბადრი ჯაფარიძე – მიგვაჩნია, პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია შეიქმნას, ასევე, ვაპირებთ, დავაინიციროთ კანონპროექტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადებით,  აუცილებელია, პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია შეიქმნას.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ლელოს“ ფრაქცია უახლოეს პერიოდში აპირებს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით კანონპროექტი დააინიციროს.

„სამწუხაროდ, ახლა ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, როდესაც ყოველდღიურად ჩნდება ახალი ცხელი წერტილები, ვგულისხმობ დაძაბულობა სხვადასხვა მიზეზით, გაფიცვები, პროტესტები, მათ შორის ის პროტესტი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პრაქტიკულად რეგიონი არ დარჩა, სადაც არ არსებობს ასეთი დაძაბულობის კერა და განცდა იქმნება, რომ ხელისუფლება კარგავს ან დაკარგა უკვე მართვის სადავეები. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ სრულად დაკაკრგულია ნდობა და მოსახლეობას ერთი რამ დარჩენია მხოლოდ, რომ გამოვიდეს ქუჩაში და პირის ამოკერვის გზით, დემონსტრაციების ან მანიფესტაციების გზით გამოხატოს თავის სათქმელი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ, კიდევ ერთხელ ახალ საბაბს და მიზეზს, რომ ვთქვათ, ამოწურული აქვს დღევანდელ ხელისუფლებას საკადრო რესურსი, მორალური რესურსი.

ამას მიუთითებს ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც შექმნილია კორუფციის თვალსაზრისით. მინდა, რამდენიმე ციფრი მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. მარტო საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვების 45% მიიღეს „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა. დგება საკითხი, როგორ, რატომ აღმოვჩნდით ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ზოგადად, ვაქცინაციის მიმართულებით რატომ ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. პანდემიის ვითარება, თითქმის იყო მისული უკონტროლობის ზღვარზე, რადგან ვნახეთ სრულიად არაპროფესიული მართვა პანდემიის საწყის ეტაპზე. იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები განხორციელებულიყო ვაქცინების წინასწარ შესყივდაზე, ადამიანები დაკავებული იყვნენ პირდაპირი შესყიდვების მოპოვებით. შესაბამისად, აქ პირდაპირ იკვეთება კორუფციით დაინტერესება.

სახელმწიფო შესყიდვებში, ზოგადად, მაღალი წილი იმ კომპანიებზე გაცემული კონტრაქტების, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და კონკრეტული ციფრი, მაგალითად 2020 წელს 172 მილიონის კონტრაქტები მიიღეს შემომწირველებმა. ბოლო წლებში, არც ერთი დიდი კორუფციული საქმე არ გახსნილია. არის წვრილმანი კორუფციის ფაქტები, რომლებიც გამოვლენილია, მაგრამ არც ერთი დიდი კორუფციული საქმე არ გახსნილა.

რეგიონებში, ბოლო წლების განმავლობაში, თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, დაახლოებით 665 მილიონ ლარზე მეტი საეჭვო კონტრაქტი მიიღეს. ასევე, ბოლო წლებში გამოიკვეთა ელიტური კორუფცია და საერთოდ არანაირი რეაგირება არ არსებობს მასზე. ამის გამო, ახლა კორუფციის მხრივ საქრათველოსთვის არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ეს გამოჩნდა კიდეც საერთაშორისო შეფასებებში, ასევე სამოქალაქო საზოგადობის დასკვნებში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ გავრცელებულია ქვეყანაში თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

დამატებით მინდა, მოგახსენოთ ციფრი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დახარული 684 მილიონი ლარიდან, ნახევარზე მეტი, 370 მილიონი დაიხარჯა უკონკურენტო შესყიდვაზე, ანუ გამარტივებულ შესყიდვებზე, სადაც ტენდერებზე მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო. ეს ყველაფერი მიუთიტებს, რომ ქვეყანაში კორუფციის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ქვეყანაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა კორუფციის კუთხით, გვაქვს ელიტური კორუფცია, ასევე წვრილმანი კორუფციის უამრავი შემთხვევა, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი არის მოდებული. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია, შეიქმნას პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა ამ კონკრეტულ ფაქტს, კონკრეტულ ციფრს, სტატისტიკას და დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. ასევე „ლელო საქართველოსთვის“ აპირებს, უახლოეს პერიოდში მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.