„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ხვალიდან დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

ხვალიდან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა.

პროცესი აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია. იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც მათ შორის დღეს გამოვლინდა, არავის აღარ რჩება სივრცე, თქვას, რომ რაც დღეს ხდება რიონის ხეობაში, არის კანონიერი და ეს პროცესი ასე უნდა გაგრძელდეს. ამისი თქმის მორალური უფლება ბოლომდე ამოწურა ხელისუფლებამ. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, ვალდებულება, რომ ყველა ერთად ჩავდგეთ რიონის ხეობაში და არ მივცეთ კომპანიას საშუალება, დაანგრიოს ჩვენი ხეობა. არ უნდა მივცეთ კომპანიას საშუალება, დაანგრიოს ჩვენი ხეობა, შეცვალოს ლანდშაფტი, გვაგრძნობინოს, რომ ჩვენი უფლება, ნება არის უგულებელყოფილი. ხვალიდან ჩვენ ამ პროცესს უზრუნველვყოფთ რიონის ხეობაში. გადავწყვიტეთ, ხვალ, 16:00 საათზე აქ ისევ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, დავანახოთ საკუთარი სახე თავის სარკეში, რომ ის არის კანონგარეშე. ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით რიონის ხეობისკენ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ პროცესს. ამ შემთხვევაში, ბრძოლის ხაზი გადის რიონის ხეობაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.