კარლ ჰარცელი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა.
დღესაც იგივეს ვიტყოდი, – ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: “ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს „ცაში ასაჭრელად“.

„გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი „ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში“.

„და ეს უმნიშვნელოვანესია. რადგან ერთია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული პროევროპული სტრატეგიის ფორმულირება და სულ სხვაა ამ სულისკვეთების გამოხატვა საზოგადოების 80%-ზე მეტის მხარდაჭერით.

როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემ მოსაზრებაზე, რომ – რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად – ისინი არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა.

გუშინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ფაქტობრივად, ახლა საქართველოში ყველა დღე დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა, როგორც ვიცით, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა და არაფერი უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ყოველდღიური შრომა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, საექსპორტო პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის, საგანმანათლებლო სისტემის, გარემოსა და ენერგეტიკული რესურსების, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის წარმოადგენს იმ საქმიანობის ნაწილს, რომელშიც ყველა დღეს აქ შეკრებილი ადამიანი ვმონაწილეობთ. და სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავაც იყოს ძლიერი, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო, რისი სურვილიც ყველა ჩვენგანს აქვს.

ამ კონფერენციას მე განვიხილავ, როგორც უდიდეს შესაძლებლობას, ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საპასუხო ქმედებაზე; ამავდროულად, კონფერენცია ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებაა და მათი ნაწილი ევროკომისარმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ახსენა“, – განაცხადა ჰარცელმა.