ენერგოომბუდსმენი: სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება და გაზის ტარიფის კორექტირება საფუძვლიანია

წარმოდგენილი იყო ზუსტი ციფრები და დაანგარიშება, რასაც ვერ გავექცეოდით, თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ბიზნესომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განუცხადა.

„ეს დღითიდღე აისახებოდა მომხმარებელზე და მარეგულირებელ კომისიას მოუწევდა ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა კორექტირებასთან და ტარიფის ზრდასთან. ამიტომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ტარიფის კორექტირება იმ კურსით, რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტით, არის საფუძვლიანი და ვერცერთ შუამავლობასა და რეკომენდაციას ამ კუთხით სემეკის წინაშე ვერ ვაყენებ“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1-ლი ივნისიდან.