მოვუწოდებთ გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.