მარიტა მუსელიანი – უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია

რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ, აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია, – ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიტა მუსელიანმა „პირველი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია და რამდენადაც შეგვეძლება, კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით. ამ მანქანებმა აქ უნდა გაიარონ, ყველა შემთხვევაში და ჩვენი კარავი ყველა გზაზე გვაქვს, ორივე მხრიდან. ამ მხრივ, მოძრაობას სრულად ვაკონტროლებთ. თუ ამ კარვებს პოლიცია კიდევ დაგვიშლის და შემდეგ ძალადობაში გადავა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მოძრაობენ. ეტყობა, ერიდებიან, რადგან პროტესტი ახალი ძალებით, ახალი დაბრუნებულია და იმ კორდონს მიღმა არიან შეკეტილი. ჯერჯერობით, მათი მოძრაობა არ შეგვიმჩნევია. რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ. აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, – განაცხადა მუსელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხედავენ თუ არა შეთანხმების რესურსს, მარიტა მუსელიანმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარე დიალოგში არ შედის.

„ვთვლით, რომ წესით, მოწინააღმდეგე მხარე მორალურად სრულიად დემორალიზებული უნდა იყოს, რადგან არ ვიცი, მათ რა უმაგრებთ მხარს. ამიტომ არის, რომ დიალოგში არ შემოდიან. არა ერთხელ გვითქვამს, რომ თანაბარი დიალოგის წარმოების შემთხვევაში, ხუთი წუთი სჭირდება იმის გაგებას, რომ ჰესის ამ სახით და ასე აშენება არ შეიძლება. საერთოდ, მთელ რიგ გადაცდომებთან გვაქვს საქმე და გვაქვს სურათი, როდესაც მშენებლობას ჯიუტად აგრძელებენ. ხეობაში, ორივე მხარეს რკინის კედელია აღმართული და გადაადგილება სრულად გვეკრძალება. მანამდე, ხანდახან, რაღაც შეღავათები კიდევ იყო, ახლა კი ჩვენი ამ რკინის კედლის მიღმა ჩვენი მოხვედრა აბსოლუტურად გამორიცხულია“, – განაცხადა მუსელიანმა.