მამუკა მდინარაძე – ნებისმიერი აქტივობა, თუ ის გულწრფელია, არ საჭიროებს ნიუანსების დამალვას, არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ

ნებისმიერი აქტივობა, თუ ის გულწრფელია, არ საჭიროებს ნიუანსების დამალვას და დაფარვას. როდესაც ცნობილი გახდა, რომ 23 000 ლარს რომელიღაც ღონისძიების ხელმძღვანელები მხოლოდ სცენის მოწყობაში და დაქირავებაში იხდიან, ეს პატარა რესურსს არ საჭიროებს. თუ იქ დღეში 50 ათასი და მეტი ლარი იხარჯება, ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნამახვანჰესის“ აქციების დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები სწორ განმარტებას საჭიროებს.

„ეს კითხვები საჭიროებს სწორ განმარტებას. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია, რომ ემიგრანტები ამას უზრუნველყოფენ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ. ეთერში არ ჯდები და დებატებში მონაწილეობას არ იღებ, არგუმენტებს ზოგადად ამბობ და ხარვეზებზე მიუთითებ, რომელ ხარვეზებზეც იცი, რომ უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, აღმოფხვრილია. შეიძლება, რაღაც დეტალებზე საუბარი კიდევ გავაგრძელოთ, ამ დროს პირიქით, ამატებ მოთხოვნას, რომ არა თუ „ნამახვანჰესი“, არამედ უნდა გაჩერდეს ყველა ჰესი და საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ეს არ მგონია სწორი მიდგომა იყოს.

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა ქართულ ინტერესებში ნამდვილად არ ზის. ასევე არ ზის ხელოვნური, აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი და გაბერილი კრიზისი ქართულ ინტერესებში. თუ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც როგორც ხელოვნურ კრიზისს, ასევე აქციებს უზრუნველყოფს რეალურად ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, აქ რა თქმა უნდა, მთლად კეთილმოსურნის კვალი არ შეიძლება, დავინახოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.