დავით ზალკალიანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება დიასპორის ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, დიასპორული ინიციატივების წახალისებას

ჩვენი ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება დიასპორის ჩართულობას, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დიასპორული ინიციატივების წახალისებას და სწორედ ჩვენი დღევანდელი შეკრებაც იქნება ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ სად ვიმყოფებით, რა არის გასაკეთებელი, რა არის იმისთვის გასაუმჯობესებელი, რომ ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა უზრუნველვყოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ დღევანდელ ღონისძიებას ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ესწრება, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხელისუფლება დიასპორასთან ურთიერთობას.

„ფორუმის ფარგლებში გაიმართება 2 თემატური შეხვედრა, პირველი შეხვედრა იქნება მიძღვნილი ბიზნესსა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური განზომილება და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში და სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩვენ ამ ფორმატში გვიხდება შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ მე-2 თემატური ჯგუფი ორიენტირებული იქნება განათლებასა და კულტურაზე და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გვექნება დღეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.