სერგო ჩიხლაძე: გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება

გიორგი გახარიასთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დღევანდელი პრეზენტაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება.

„გახარიასთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკურად – როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება. რადგან თვითონ, ბოლო სამ თვეს თუ არ ჩავთვლით, იყო სახე „ქართული ოცნების“, პირველი აღმასრულებელი, პირველი ნომერი. აქედან გამომდინარე, ვისთან ექნება პრეტენზია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, საკუთარ თავთან თუ ივანიშვილთან, ძალიან ძნელი იქნება მისთვის ამ პოზიციების დაცვა.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი კონკურენტი იქნება – ძირითადად, ის იქნება „ქართული ოცნების“ კონკურენტი, რადგან დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი, მაგალითად, ჩვენი ამომრჩეველი გახარიას არასოდეს მისცემს ხმას. ამიტომ ის იქნება „ქართული ოცნების“ კონკურენტი და ხმებს გაუყოფს „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.