„ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ” – გიორგი გახარიას პარტია ოფიციალურად დაფუძნდა

,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოსთვის“ პარტიის ხელმძღვანელად გიორგი გახარია აირჩიეს.

გახარიას განცხადებით,  ქვეყანას ჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შესწევს უნარი სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეებს იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.

,,დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის. ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არავის წინააღმდეგ. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პოლიტიკურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. ჩემთის და დარწმუნებული ვარ საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შესწევს უნარი სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეებს იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. რაც მთავარია მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს სამართლიანი წესრიგი.

სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხვროთ ილუზიაში. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობა და ჩხუბი რაიმე სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის. სინამდვილეში, კარგ შემთხვევაში ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.