სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში – გიორგი გახარია

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება ბევრი შრომა და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება.

„სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ძალებს, პარტიებს შორის კინკლაობა და ჩხუბი შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ რაიმე პროგრესის მომტანია ქვეყნისთვის. არა, სინამდვილეში, კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ და ვერ გააკეთებს. მიზნების მისაღწევად ხშირად გვექნება ბევრი საშრომი და გვექნება მძიმე გადაწყვეტილებებიც მისაღები.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოქალაქეებთან ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს სამშობლოზე, დღევანდელ გამოწვევებით სავსე გლობალურ სამყაროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.