გიორგი გახარია – ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია, არსებობდეს პრივილეგირებული კლასები

შეუძლებელია, ვისაუბროთ ძლიერ სახელმწიფოზე ძლიერი ინსტიტუტების გარეშე, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ინსტიტუტების სისუსტეა, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.

გახარიას თქმით, ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია, არსებობდეს პრივილეგირებული კლასები.

„ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ სამართლიანი წესრიგი და სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს თანამედროვე საქართველოში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამართლიანობის გრძნობა, თანაბარი წვდომა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეები ჩავრთოთ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამისთვის, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ, პირველ რიგში, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ინსტიტუტების სისუსტეა. თანამედროვე სახელმწიფო ეფუძნება ძლიერ ინსტიტუტებს, ინსტიტუტებს, რომლებიც იმსახურებენ მოქალაქეების ნდობას. დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, აქ გვაქვს პრობლემები და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – შეუძლებელია, ვისაუბროთ ძლიერ სახელმწიფოზე ძლიერი ინსტიტუტების გარეშე; შეუძლებელია, ვისაუბროთ სამართლიან წესრიგზე, თუ ეს ინსტიტუტები არ იმსახურებენ ჩვენი მოქალაქეების ნდობას.

აქ გვაქვს აშკარად პრობლემები და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა ჩვენს ინსტიტუტებზე იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის. სხვანაირად ჩვენ სამართლიან და ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უქმნის პირობებს თანაბარი წვდომა ჰქონდეს ქვეყნის შესაძლებლობებზე. მე მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არის პოპულიზმი, მაგრამ ამასთან, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ ყველანი ვერ ვართ თანაბრები.

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა განათლება, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სოციალური გარემო, მაგრამ მე ამას არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია, არსებობდეს პრივილეგირებული კლასები. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ეს არის, რაც ანგრევს რიგითი მოქალაქეების რწმენას იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ თანაბარ წვდომაზე, ჩვენ გვჭირდება ნათელი წესები ყველასთვის და, პირველ რიგში, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ მათი სიტყვა, მათი ძალა, მათი ჩართულობა არის ზუსტად ისეთივე ფასეული, როგორიც ნებისმიერი სახელმწიფო ჩინოვნიკის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.