ოპოზიციაში დიდი კონკურენციის პირობებში, საზოგადოება თავად დაინახავს, შეძლებს თუ არა გიორგი გახარიას პარტია მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას – არჩილ თალაკვაძე

დაწუნებული ვარ, ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად „ქართული ოცნება“ გაიმეორებს საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგს, ამას სულ მალე დავინახავთ, როდესაც წარვადგენთ პროგრამას და განახლებულ გუნდს თითოეულ რეგიონში და მოქალაქეებს ავუხსნით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდზე დასმულ შეკითხვას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციაში დიდი კონკურენციაა და საზოგადოება თავად დაინახავს, დაიკავებს თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ოპოზიციაში მნიშვნელოვან ადგილს.

„რაც შეეხება გახარიას პარტიას, ოპოზიციური სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი, ოპოზიციაში არის დიდი კონკურენცია და საზოგადოება თავად დაინახავს, შეძლებენ თუ არა ისინი ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გიორგი გახარიას პარტიისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა, თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ალიანსის შექმნა არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან 2024 წლამდე არ დასჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ მაშველი რგოლი ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ვართ ღირებულებებსა და მომავალზე ორიენტირებული პარტია, რომელსაც ზურგს უმაგრებს გაკეთებული საქმე და აქვს სამომავლო გეგმები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერთან პარლამენტში პოლიტიკური დებატებისთვის, მაგრამ რაც მთავარია, მზად ვართ შევეჯიბროთ ნებისმიერს საქმის კეთებაში. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება, ვისთან ვითანამშრომლებთ მომავალში, არ იქნება სერიოზული. „ქართულ ოცნებას“ აქვს სრული შესაძლებლობა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, უმრავლესობაში მართოს და ძირითადი პასუხისმგებლიბა ატაროს ქვეყნის მმართველობაზე. ჩვენ არ დაგვჭირდება 2024 წლამდე არავითარი ალიანსის შექმნა არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა მზად ვართ, უზრუნველვყოთ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს კონკრეტული საქმე და კონკრეტული გეგმები იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველომ გააკეთოს ღირსეული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. რა თქმა უნდა, მივესალმებით პოლიტიკური სპექტრის გადახალისებას ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, რომ ანტისისტემური და რადიკალური ძალები ჩაანაცვლონ კონსტრუქციულმა, თანამშრომლობაზე ორიენტირებულმა პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა, რომელთა გენეტიკური კოდი არ არის არეულობა და დესტაბილიზაცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.