ანდრიუს კუბილიუსი: თუ „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერს დოკუმენტს და თან პარლამენტში შედის, მაშინ რა საჭირო იყო ეს ბოიკოტი?

მთავარი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს ევროკავშირის მედიაციით შედგენილ შეთანხმებას და თან გადაწყვეტილებას იღებენ პარლამენტში შესვლის თაობაზე, მაშინ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება – სად იყვნენ მთელი ეს პერიოდი და რას აკეთებდნენ, რას ემსახურებოდა ბოიკოტი, რა საჭირო იყო მაშინ პარლამენტის ბოიკოტირება, რასაც მოჰყვა კრიზისი და ევროკავშირიდან უმაღლეს დონეზე ჩართულობა. მაშინ რა საჭირო იყო ეს კრიზისი?, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწერს ხელს დოკუმენტს, მაშინ ჩნდება კითხვა. დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე მათ შეუძლიათ მოითხოვონ მმართველი პარტიის მხრიდან ხელშეკრულების შესრულება და იმპლემენტაცია, რასაც ყველა ველოდებით. ჩემი აზრით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოპოზიციის ნაწილის დასუსტებას გამოიწვევს. მე არ ვიცი, რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დოკუმენტი პოლიტიკური ძალების პოზიციების გათვალისწინებით, ძირითადად ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად შედგა. ახლა მთავარი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს ევროკავშირის მედიაციით შედგენილ შეთანხმებას და თან გადაწყვეტილებას იღებენ პარლამენტში შესვლის თაობაზე, მაშინ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება – სად იყვნენ მთელი ეს პერიოდი და რას აკეთებდნენ, რას ემსახურებოდა ბოიკოტი, რა საჭირო იყო მაშინ პარლამენტის ბოიკოტირება, რასაც მოჰყვა კრიზისი და ევროკავშირიდან უმაღლეს დონეზე ჩართულობა. მაშინ რა საჭირო იყო ეს კრიზისი? საკმაოდ გაუგებარი სიგნალია, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ უგზავნის ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ამ მოცემულობით „ნაცმოძრაობა“ საუკეთესო პოლიტიკური ფორმით შედიოდეს პარლამენტში. განვუმარტე სააკაშვილს ჩემი კრიტიკული პოზიცია და ვუთხარი, რომ ეს ნაბიჯი მოთხოვნებში მათ პოზიციებს დაასუსტებდა და რადგან ხელს არ აწერ დოკუმენტს, ვერც მის იმპლემენტაციას მოითხოვ. სააკაშვილმა მითხრა, რომ პარტია გეგმავდა შეხვედრას და იდეა ზუსტად ეს იქნებოდა, რომ შეთანხმების გარეშე შესვლა განეხილათ. ჩემთვის ძალიან რთული გასაგებია ამ გადაწყვეტილების ლოგიკა. შესაძლოა, მოვიდეს დრო და „ნაცმოძრაობაც“ მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეუერთდეს მიშელის დოკუმენტს. მათ უნდა გაიგონ, რომ შეთანხმება და დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კარგი მექანიზმია ხელისუფლების კონტროლისთვის და ეს არის ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციის მოვალეობა. თუ ოპოზიცია უარს ამბობს გამოიყენოს ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, ეს შეცდომაა“, – აცხადებს კუბილიუსი.