„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ტერმინთა განმარტებას დაემატა ახალი პროდუქტები: „ღვინისეული სასმელი“ – ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულობის არანაკლებ 50%-ისა შედგება ღვინისაგან, სპირტშემცველობა კი 3,5%-დან-14,5%-მდეა და „დეალკოჰოლიზებული ღვინო“ – ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით და რომლის სპირტშემცველობაც 0,5%-დან 15%-მდეა.

სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ღვინისეული სასმელის ეტიკეტირება სავალდებულოა.

კანონში შესული ცვლილება ეხება ბრენდინგსაც; მასში სპირტშემცველობის დაშვებული მაჩვენებელი არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები, ნაცვლად დღემდე დადგენილი 37.5%-ზე ნაკლებისა.

ცვლილებებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, სავალდებულო ხდება ყველა ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება. დღემდე, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ნებაყოფლობით იყო.

ამასთან, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით, დაზუსტდა ადმინისტრაციულ სახდელთა ოდენობა. საკანონმდებლო ცვლილებები ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.