გიორგი გახარია – არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა, სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა

ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში 20 ივნისს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც 20 ივნისს პარლამენტთან იდგნენ, კითხვებზე პასუხები არასდროს გაუციათ.

„20 ივნისთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებზე მე არასდროს მქონია პრობლემა კითხვებისთვის პასუხი გამეცა. მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, რომელმაც როგორც ჩანს, დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია.მე ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე. არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იქ იყო, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალო კითხვაზეც არ გაუციათ პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ. ეს შედარებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს დაზარალდნენ, უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების ქმედებების მსხვერპლნი არიან.

„ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი ისევე, როგორც ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება, ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მირ გადაცდომის ან ძალის გადამეტების ნაწილი. ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა, ეს ერთი. არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და შემდეგშიც გავცემ. არ მაქვს არანაირი პრობლემა“, – განაცხადა გახარიამ.