გიორგი გახარია ანაკლიის პორტზე – მამუკა ხაზარაძის ნაცვლად პორტს სახელმწიფო ვერ ააშენებდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა, მაგრამ ამ პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი იყო უხარისხო ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ეს სიმართლეა, ეს ასეა და რა მიკვირს, თქვენ ხანდახან მოელით, რომ დღეს მე პოზიციას შევიცვლიდი. მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიექტური რეალობაა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულება რომ ნახოთ რამდენჯერ არის შეცვლილი, რა იყო მისი საწყისი პირობები საერთაშორისო ტენდერის და რა გახდა მერე ბოლოს, ეს ყველფერი დანარჩენი ლირიკაა და თავის მართლება.

ფაქტი არის ერთადერთი, რომ კერძო ინვესტორმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა ოთხჯერ თუ ხუთჯერ. არ მინდა ზუსტად აქ ახლა ციფრები მოვიყვანო. პროექტის დაწყების ეტაპი, საინვესტიციო კონტრაქტი არის დაახლოებით 10-ჯერ გადახედილი. რაც შეეძლო აქ სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და ახლა, მამუკა ხაზარაძის ნაცვლად პორტს სახელმწიფო ვერ ააშენებდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება, უნდა აშენდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.