გიორგი გახარია: ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური – უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას, შს მინისტრის მაშინ გათავისუფლებით, ჩემი გადადგომით მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება

ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომლიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული, – ამის შეახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ვნახე, რომ მთელ გუნდს, რომელიც ამ გადაწყვეტილების პროცესში იყო ჩართული, ჰქონდა სხვა პოზიცია და მე მქონდა სხვა პოზიცია, რა თქმა უნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მე შემდგომში ხომ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას, შს მინისტრის მაშინ გათავისუფლებით. ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომლიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული. ამიტომ, მე მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ვთქვი, რომ იმედია, ეს ტემპერატურა დაცხრება, პოლარიზაცია დაიკლებს და ამ სისულელეს, რაც მერე მაინც გააკეთეს, არ გააკეთებენ-მეთქი. რა მოვიგე იცით, დრო მოვიგე და ეს ყველაფერი განხორციელდა ბევრად უფრო ნაკლები რისკებით და რბილად. იმუნიტეტის მოხსნა იყო პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა გახარიამ.