სოსო მანჯავიძის თვალით დანახული პრობლემები თბილისში და „შინაგანი პოლიციელი“

“ნაკლი ჩვენს ქცევაში უნდა აღმოიფხვრას და ყველაზე ეფექტური ამ დროს “შინაგანი პოლიციელია” 

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ახალი წლის შემდეგ, თბილისში დასუფთავების ინსპექტორები გამოჩნდებიან. რა თქმა უნდა კარგი წამოწყებაა, მაგრამ ხომ არ დარჩება ისიც მხოლოდ ქაღალდზე, როგორც სხვა კანონები? რამდენად ეფექტური იქნება დასუფთავების ინსტიტუტის ინსტიტუტი და საერთოდ, რა ხდება დედაქალაქში?

ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

– „თბილსერვის” ჯგუფის დირექტორის მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით ახალი წლის შემდეგ, თბილისში დასუფთავების ინსპექტორები გამოჩნდებიან. პირველ ეტაპზე თბილისში 20 დასუფთავების ინსპექტორი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, რომლებიც თბილისის ცენტრალურ უბნებში ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-ჩუღურეთის ტერიტორიაზე გადანაწილდებიან. იმ შემთხვევაში თუ “თბილსერვის” ჯგუფის ახალი სამსახური გაამართლებს და მოსახლეობისგან დადებითი შეფასებას მიიღებს დასუფთავების ინსპექტორები მთელს თბილისში გამოჩნდებიან. კარგი ინიციატივაა, მაგრამ ხომ არ დარჩება ისიც სხვა კანონებივით და ინიციატივებივით მხოლოდ ქაღალდზე? როგორც ვიცით, ასე მანქანიდან სიგარეტის გადმოგდებაც აიკრძალა, საჭესთან მობილურით საუბარი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა, ხმაური საღამოს საათებში, მაგრამ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ქაღალდზე დარჩა და აქვე ისიც ვთქვათ-რატომ არ ხდება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა?  მას შემდეგ, რაც დოლიძემ ეს ინფორმაცია გააჟღერა, სოციალურ ქსელში დაიწერა კომენტარები-რატომ მაინც და მაინც ცენტრალურ უბნებში და როდის უნდა დასრულდეს გარეუბნების დაკნინებაო, სოციალური ქსელის ზოგიერთმა მოქალაქემ ისიც კი გაიხსენა, რომ თბილისის მერმა ველოსიპედის ძეგლის გარეუბანში გადატანაზე გააკეთა აქცენტი, რაც გარეუბნელებმა ცუდ ტონად ჩაუთვალეს. ახლაც მხოლოდ ცენტრალურ უბნებში გამოჩნდებიან ეს ინსპექტორები-გარეუბანში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, არ ნაგვიანდება თუ …?

-პირველ რიგში უნდა ვთქვა-ინიციატივა ძალიან კარგია და გამომდინარეობს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორების სურვილიდან,რომელიც დედაქალაქშია შექმნილი. მეორე საკითხია,რატომ მხოლოდ ცენტრალურ უბნებში და იმუშავებს თუ არა ეს ინიციატივა.

ცენტრალურ უბნებში იმიტომაა თავიდან,რომ ერთგვარი საპილოტე ხასიათი ექნება,დაიხვეწება,რათა შემდეგ გავრცელდეს მთელს დედაქალაქზე. ამავე დროს,ცხადია,რომ ადმინისტრირება უნდა იყოს გონივრული,მკაცრი და ეფექტური. აქვე მინდა დავამატო,რომ ამ ღონისძიებას თან უნდა ახლდეს საინფორმაციო მხარდაჭერა, ეს ნაკლი ჩვენს ქცევაში უნდა აღმოიფხვრას და ყველაზე ეფექტური ამ დროს “შინაგანი პოლიციელია”, საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს ადამიანი,რომელიც გარემოს ანაგვიანებს და ამ მიუღებლობას აქტიურად უნდა გამოხატავდეს, ცხადია ამაში მას ახლადშექმნილი ინსტიტუტის სწრაფი და ეფექტური დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.

-„დასუფთავების ინსპექტირების სამსახური მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს, ეს არ იქნება “სადასჯელო რაზმი” – განაცხადა დავით დოლიძემ-როგორ ფიქრობთ, იმის გათვალისწინებით რასაც დღეს ვხედავთ-იგივე თუნდაც სიგარეტის ნამწვავების დაყრა ქუჩაში, კორპუსებიდან ნაგვის პარკების გადმოყრა და ბევრი სხვა, ჩვენს საზოგადოებას უშველის ცნობიერების ამაღლება მაშინ, როცა ჯარიმასაც კი არ ვეგუებით და ბევრ კანონს ვარღვევთ?

 -როგორც  გითხარით, ნაკლი ჩვენს ქცევაში უნდა აღმოიფხვრას და ყველაზე ეფექტური ამ დროს “შინაგანი პოლიციელია”, მეორე საკითხია ის, რომ ადამიანი იძულებული არ უნდა იყოს დაანაგვიანოს გარემო, ამ მხრივ კარგია, რომ “თბილსერვისჯგუფმა”, რომლის მუშაობა ნამდვილად ქებას იმსახურებს, გააგრძელოს მუშაობა ინფრასტრუქტურის დახვეწაზე.

-არ შემიძლია არ გკითხოთ ღია საპირფარეშოებზე. რამდენად შეესაბამება სიმართლეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია და როგორ ფიქრობთ, ქართული მენტალიტეტისთვის მისაღებია ასეთი სახის ტუალეტები?

-მალე უნდა გადაწყდეს დედაქალაქში ტუალეტების პრობლემა,რომლის არარსებობაც დიდ უხერხულობას ქმნის,განსაკუთრებით,ტურისტული ნაკადების გაზრდის ფონზე. რაც შეეხება ღია ტუალეტების თემას. ამის არც აუცილებლობას ვხედავ და არც ჩვენ მენტალობას შეესაბამება,ამიტომ სრულიად გაუგებარი საკითხის აქტულიზაციაც.

-ერთი რაც აქსიომაა არის ის, რომ სანამ ჩვენ, თითოეული მოქალაქე არ ვისწავლით კანონის პატივისცემას, სანამ არ გავაცნობიერებთ რომ ეს ქალაქი ჩვენია-არაფერი გვეშველება, მაგრამ მაინც უნდა მოქმედებდეს რაღაც ზომა, რომელიც თუნდაც ჯარიმების შიშით ამ აზრამდე მიიყვანს მოქალაქეებს. როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი? ჩამოთვალეთ  თბილისში ყველაზე სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემები.

-ჩემი თვალით დანახული თბილისი… პირველ რიგში, კომპლექსურად უნდა მოგვარდეს ტრანსპორტის საკითხი.

თავი უნდა გავანებოთ ახალ მეტროს სადგურებზე ფიქრს და მოვახდინოთ რესურსების მობილიზაცია იმისათვის,რომ თბილისის არსებული მეტროს სადგურები მოვიყვანოთ წესრიგში. მეტრო ჩვენი დიდი სიმდიდრეა და მას მოვლა და შენახვა უნდა.

უნდა გავაგრძელოთ ახალი ავტობუსების შემოყვანა

ასევე უნდა მოვიძიოთ სახსრები,რათა ქალაქს ჰყავდეს თანამედროვე ტრამვაი,რაც ძვირი,მაგრამ აუცილებელია.

ძალიან კარგია,რომ აღდგა კუს ტბის საბაგირო.

მიმაჩნია,რომ ქალაქის რელიეფი გვკარნახობს ამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას.

უნდა გადავიტანოთ სატვირთო რკინიგზა ქალაქიდან. ხოლო მტკვარზე აუცილებელია მინიმუმ ორი ხიდის აშენება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა არ უნდა იყოს მოუხერხებელი და უნდა გადატყდეს ჩვენს მენტალობაში არსებული შეხედულება,რომ ეს რაღაც არაპრესტიჟულია დაა ზოგიერთების სტატუსს არ შეჰფერის.

ამავე დროს უნდა გამკაცრდეს კონტროლი მანქანების ტექნიკურ მდგომარეობაზე, კატალიზატორ მოცლილი მანქანები არ უნდა დადიოდნენ ქალაქში.ვერანაირი მძიმე სოციალური ფონი ვერ გამოდგება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის დაზიანების გამამართლებლად.

უნდა ვიზრუნოთ წალკა-თრიალეთიდან თბილისის წყალმომარაგებაზე,ეს პროექტი არსებობს და უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება. ამ შემთხვევაში თბილისის მარჯვენა სანაპირო მომარაგდება თვითდინებით მომავალი ხარისხიანი წყლით, აღარ იქნება ელექტროენეერგიის უზარმაზარი ხარჯვების აუცილებლობა,ხოლო თბილისის ზღვის უკვე სასმელად უხარისხო წყლის ქალაქის მცხოვრებლებისათვის მიწოდება აღარ დაგვჭირდება.

კიდევ ერთი,რამ მინდა ვთქვა ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემის შესახებ,სწორედ მათ მოუწესრიგებელ მდგომარებაზე მოდის შენობათა ავარიულობის 90%. არსებობს ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის გზები,რა ინიციატივითაც მე გამოვედი და გამოვდივარ უკვე ორი წელია,თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხერხდება მრავალრიცხოვანი ინსტიტუციონალური ხარვეზების გამო.

-და ბოლოს, სოსო მანჯავიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, ბევრი კომენტარი წამიკითხავს, სადაც გიწერენ მოქალაქეები, რომ დიდი სურვილი აქვთ პარლამენტში გიხილონ, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, ხომ არ მოიაზრებთ მერის თანამდებობაზე კენჭისყრას, მითუმეტეს, რომ უამრავ პრობლემას აყენებთ და ინიციატივებითაც გამოდიხართ.

– მერის არჩევნებთან დაკავშირებით, არ მიფიქრია და თუ ვიფიქრებ,პირველი თქვენ შეგატყობინებთ,რადგან პირველად თქვენ დამისვით ეს კითხვა.

-წარმატებებს გისურვებთ!

 

კომენტარის დატოვება