პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან ორჯერ გაიზრდება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან ორჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა – ამის შესახებ მთავრობის მეთაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მილოცვაში აღნიშნავს.

ასევე, ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით  არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს.

ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში. ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯობესება.

ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის  მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა”.  –აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.