პრეზიდენტმა პარლამენტში შესვლა მიულოცა „ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ჩატარებულ  საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და  მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს. პრეზიდენტმა პარლამენტში შესვლა მიულოცა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ „პატრიოტთა ალიანსს“.

„საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოაგდოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი, თქვენი მოღვაწეობის შედეგად, აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა და გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის.

მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ფატობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი.

მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს: „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში.

მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულ წილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, თუმცა, ამავე დროს მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება, შესაბამისად აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წარმატებით ჩატარებას.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება