მეუფე იაკობი: რატომ ლაპარაკობენ რომ გახარია ივანიშვილის პროექტია ჩემთვის გაუგებარია – მის გუნდში ადეიშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კადრები ვნახე

რატომ ლაპარაკობენ რომ გახარია ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი, ვის წარადგენდა თავის გუნდში და ადეიშვილის კადრები ვნახე შიგნით, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის. ანუ ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნაწილი იყო იქ”, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის შექმნას.

მეუფე იაკობი გიორგი გახარიას პერსონას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს და ამბობს, რომ მის პარტიას არათუ ხალხის, არამედ ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება და ოპოზიციაში იქნება.

„საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე-პრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა, მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს. იცით, რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს, ამას რას აკეთებთო. რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი, ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ასევე კეზერაშვილის კადრები, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ნაწილი იყო იქ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.