ირაკლი კოვზანაძე – ლარის გამყარება, პირველ რიგში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგია, როდესაც მან მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით ასწია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცახადებს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა პირველ რიგში, ეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგს უკავშირდება.

როგორც კოვზანაძე ამბობს, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევას მოჰყვა ლარის გამყარებაც.

„ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გამოწვეული, მაგრამ პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგი, როდესაც მან სწრაფი და მყისიერი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ასწია ერთი პროცენტით. აქედან გამომდინარე, არის ის რეაქციები, რაც ბაზარს მოჰყვა. ამ პროცესის თანმდევი არის ლარის გამყარებაც, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მე ადრეც ვთქვი, ეს იყო გარკვეულწილად დაგვიანებით, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რის რეზულტატსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.