გახარიას საინტერესო ამბები აქვს მოსაყოლი, უბრალოდ ჯერ არ გვიყვება – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განმარტებით, საზოგადოებას 9 წელია აინტერესებს როგორ მიიღება ,,ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები, როგორ არის ეს პარტია დალაგებული, რა ახდენს მასზე ზეგავლენას. ხვიჩიას განცხადებით , მას გახარიასგან ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს.

„ჩვენ ველოდებით ამბის მოყოლას და არა ვინმეს გალანძღვას… არ ვიცი, დანაშაულის მხილებას ველოდები გახარიასგან? – შეიძლება არც ველოდები. ამბის მოყოლას ველოდები, როცა ამბავს მოგვიყვებიან, მერე გავარკვევთ ამ ამბავში რამე დანაშაულებრივი არის, თუ არ არის. ჯერ ხომ ამბავი გვაინტერესებს? ნეპოტიზმზე, კორუფციაზე ილაპარაკა, თუ არ ვცდები, არაფორმალურ მმართველობაზეც იყო მინიშნებები. 8 თუ 9 წელია, „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს და ჯერ კიდევ არ ვიცით ის იერარქია, როგორც არის ეს პარტია დალაგებული, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა ახდენს მათზე ზეგავლენას და ა.შ. არანაირი ჭორაობა არ მინდა, არც არავის ლანძღვა არ მინდა, მე უბრალოდ, ამ კითხვებზე პასუხი მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოდის ოპოზიციაში, ვფიქრობ, ადამიანები მისგან ამ თემაზე საუბარს ელიან, ლანძღვას და გინებას კი არა, პრობლემაზე საუბარს, რაც მან დაასახელა… ჯერ ახალია ბატონი გახარია, ახლახან შემოდგა ფეხი ოპოზიციურ პოლიტიკაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.