უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც შედის ტოპ ათეულში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის.

„ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის.
ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარული ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.