თბილისს უნდა დავუბრუნოთ რეგიონში წამყვანი ფუნქცია, რომ „გუგლის“ ოფისი არ იხსნებოდეს ბაქოსა და სხვა ქალაქებში, ჩვენ ვიყოთ ფინანსური, კულტურული ეპიცენტრი – მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციის პირველი ამოცანა უნდა იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტი ვერ მიიღოს.

მისივე თქმით, თბილისში საჭიროა ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია.

„ძნელად წარმომიდგენია, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს ან მათ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, თუ ეს ასე არ მოხდება და ეს ასე არ მოხდება, ვერ შედგება დიდი ოპოზიციური გაერთიანება. ამ სიტუაციაში გამოსავალი არის ის, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რადგან იცით, რომ პროპორციული ხმებით ითვლება და არა მერების გაყვანით. ასევე, ჩვენ უნდა დავაყენოთ თბილისი პოლიტიკაზე მაღლა. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში და შესაძლოა, ეს მოდელი გავავრცელოთ სხვა ქალაქებზეც, ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა, ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, თუ როგორ შეიძლება, კოალიციურად იმართოს ამხელა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს მილიონ ნახევარი ადამიანი.

ჯერ მოდელზე უნდა შევთანხმდეთ, ვეძებოთ კანდიდატი, შევქმნათ კაბინეტი და კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ შეიძლება, თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონიდან გახდეს 3 მილიარდი.

თბილისს უნდა დავუბრუნოთ რეგიონში წამყვანი ფუნქცია, რომ „გუგლის“ ოფისი არ იხსნებოდეს ბაქოში და სხვა ქალაქებში, არამედ ჩვენ ვიყოთ ფინანსური, კულტურული ეპიცენტრი. რაც შეეხება კანდიდატურას, უნდა გაკეთდეს ე.წ. შორთლისტი და თბილისელებს უნდა შევთავაზოთ ვარიანტები, დაიწყოს ღია მსჯელობა მოდელზე. დამერწმუნეთ, კანდიდატურები იქნებიან. თუ არ ეძებ, ვერ იპოვი. ეს მოდელი სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს და ყველას ვთხოვ, რომ თავიდანვე ნუ იქნება თავდასხმა მოდელზე, რადგან იდეა, რომელსაც პერსპექტივა არ გააჩნია, თავისთავად გაქრება, მაგრამ ვფიქრობ, ამ იდეას აქვს სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ თბილისი უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.