საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის სექტორში, რომელსაც შეუძლია, დადებითი წვლილი შეიტანოს მსოფლიო საზოგადოებაში – ირაკლი ღარიბაშვილი

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შესანიშნავი ამბავი – საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. შესანიშნავი შესაძლებლობაა მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის ჩავერთოთ გლობალური დღის წესრიგის წინ წაწევაში. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის სექტორში, რომელსაც შეუძლია, დადებითი წვლილი შეიტანოს მსოფლიო საზოგადოებაში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერში“.

საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევას 35 წევრი სახელმწიფოდან 23-მა დაუჭირა მხარი. არჩევნები ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. საქართველო საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით გახდა. აღსანიშნავია, რომ საბჭო უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და განხორციელებაში, უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. ასევე, დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.