რობ პორტმანი – მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას

საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც აშშ მხარს უჭერს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, გადადგას ნაბიჯები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას.

ამასთან, რობ პორტმანის თქმით, დღეს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ამასთან, აღნიშნა, რომ სენატორები პრესკონფერენციის შემდეგ შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. დამკვირვებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი მდგომარეობა. გვითხრეს, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა და ზღუდავენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკვირვების მიზნით. ჩვენ უშუალოდ ვიხილეთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ დღის დასაწყისი, ხოლო ჩვენი დღე კი, საკმაოდ გრძელი გამოდგა. შევხვდით საელჩოს წარმომადგენლებს. ელჩ დეგნანს და მის გუნდს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზებული შეხვედრისთვის. ასევე შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთანაც განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება. მათ დაადასტურეს მხარდაჭერა შემდგომი მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. გვქონდა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოში საარჩევნო სისტემისა და სასამართლო რეფორმის შემდგომ ჩატარებას. ასევე გვქონდა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებთან. შუადღისას, შევხვდით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტში, ხოლო ჩვენი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც ხედავთ, საკმაოდ დატვირთული განრიგი გვაქვს საქართველოში, თუმცა ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს დამოკიდებულებს ქვეყნისადმი. მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდად ვუჭერთ მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. მიმაჩნია აგრეთვე, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი ქვეყანა უნდა იყოს, ასპირანტი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა რობ პორტმანმა.