აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოში გააგზავნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია.

განცხადების თანახმად, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექვსი მილიონი დოზა გამიზნულია რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მექსიკისთვის, კანადისთვის, კორეის რესპუბლიკისთვის, დასავლეთ სანაპიროსთვის, ღაზასთვის, კოსოვსთვის, ჰაიტისთვის, ეგვიპტისთვის, იორდანიისთვის, ერაყისთვის და იემენისთვის, ისევე როგორც გაერო-ს თანამშრომლებისთვის მთელ მსოფლიოში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, მსოფლიოს სულ 80 მილიონი ვაქცინა გაუზიაროს. მათ შორის დოზების 75 პროცენტი „კოვქსის“ პროგრამით განაწილდება სხვადასხვა ქვეყნებში. კოვაქსის ფარგლებში ვაქცინების განაწილებისას პრიორიტეტული იქნება კარიბის ზღვის, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის და აფრიკის რეგიონები.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 80 მილიონი დოზიდან პირველი 25 მილიონის დოზის განაწილება უახლოეს ხანში დაიწყება და პირველი ტრანშის ფარგლებში, ვაქცინებს მიიღებს საქართველოც.