გახარიას წამოსვლა მმართველი პარტიიდან საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული რღვევის პროცესზე მიუთითებს, რაც ივანიშვილისთვის მისაღებია,  არჩევნებში იგი 7-8 პროცენტს აიღებს, მეტს ვერა, მაგრამ ეს შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს  ,,ქართული ოცნებისთვის“ – პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგი და ექსპერტი,  პაატა ზაქარეიშვილი  ,,ჯიემთივი“ -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  გიორგი გახარია თვითმართველობის არჩევნებში, დაახლოებით, 7-8 პროცენტს აიღებს.

მისივე თქმით, თუ გახარია იმდენ ხმას წაართმევს მმართველ გუნდს,  რომ ის 43% -ს ვერ აიღებს, მაშინ ნამდვილად მოხდება ცვლილებები და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ამასთან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს,  აღნიშნული მოცემულობა შეიძლება, კრიტიკული აღმოჩნდეს  ,,ქართული ოცნებისთვის“, გამომდინარე  43 პროცენტიდან.

,,ეჭვი მეპარება რაიმე პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ მან შეიძლება გარკვეული ხმები აიღოს ,,ქართული ოცნებიდან“ ანუ, მმართველი პარტიის ხმები წავიდეს მასთან. თუ გახარია იმდენ ხმას წაართმევს „ოცნებას”,  რომ ის 43% -ს ვერ აიღებს, მაშინ ნამდვილად მოხდება ცვლილებები და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ოპოზიციას თუ ჭკუა აქვს, უნდა ითანამშრომლოს გახარიასთან. მასთან ბრძოლა მხოლოდ შეასუსტებს გახარიას და გააძლიერებს ,,ქართულ ოცნებას“. ამიტომ, მათ მხარი უნდა დაუჭირონ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულ ძალას, რომ ამ ძალამ ბევრი ხმები წამოიღოს ,,ქართული ოცნებიდან“ – აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის აზრით, პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელს, პრეზენტაციისას  ძალიან სუსტი გამოსვლა ჰქონდა.

„მე მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც ნორმალურს იტყოდა გახარია, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა. მას ქონდა ძალიან სუსტი გამოსვლა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ასე არ გამოვა. გახარიამ უნდა დაარტყას ,,ქართულ ოცნებას“, რომ რაღაცნაირად ხმები წამოიღის იქიდან. თუ ის დაუპირისპირდა მხოლოდ რადიკალურ  ოპოზიციას ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან ,,ევროპული საქართველოს“ სახით, გახარია არ იქნება არაფერი. ამ ოპოზიციურ პარტიებს ისედაც აკრიტიკებს მმართველი პარტია. გახარიამ რაღაც სიახლე უნდა შემოიტანოს,” – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, არის თუ არა გახარია ,,ოცნების პროექტი“ პოლიტოლოგი გვპასუხობს, რომ ფაქტები ცოტაა და მას არ აქვს ამ თემაზე ჩამოყალიბებული აზრი, თუმცა მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი იყოს ,,ოცნების პროექტი“.

,,ეს უბრალოდ არის  საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული რღვევის პროცესი, რაც ივანიშვილისთვის მისაღებია. ივანიშვილისთვის მთავარია ვინმემ მას არ დაარტყას, მის ბიზნესს, მისი ოჯახის ინტერესებს. გახარია არ იქნება ასეთი ადამიანი, შესაბამისად, ეს არ არის ,,ოცნების პროექტი“, მაგრამ ეს არის არც ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროექტი. რაც უფრო მეტი ,,ქართული ოცნებიდან“ წასული ხალხი იქნება ხელისუფლებაში, ეს უფრო მეტად აწყობს ივანიშვილს. შეიძლება მათ ერთმანეთში იბრძოლონ, მაგრამ მთავარია არ ებრძოლოს ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს იყოს მმართველი პარტიის გეგმა, თუმცა, ფაქტები ცოტაა და მე არ გამოვრიცხავ, რომ აზრი შევიცვალო,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „ჯიემთივისთან” საუბარში.