მიხეილ სარჯველაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებს საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტოს ჩართულობის შედეგად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არცერთ იქ მყოფ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.

„მინდა ორი სიტყვით გამოვეხმაურო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ საკითხს. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ეს განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში.

ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით. ამჟამად, პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ – არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი იქ აღმოფხვრილია. ეს არის ამჟამად ამ დროისთვის მუშაობის შედეგი. ბუნებრივია, ეს არ იქნება ამ მიმართულებით მუშაობის საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მონიტორინგი რეალურად განახორციელოს. კომიტეტიც იქნება ჩართული როგორც აქამდე იყო ამ საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.