სოზარ სუბარი – ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველი პოლიციით და ჯარით რომ შევიყვანოთ, არ მგონია, თავად სახალხო დამცველისთვის კარგი იყოს, დარწმუნებული ვარ, შევა და ამაში დავეხმარებით

ნინოწმინდის პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი, გზაში არიან ფსიქოლოგები, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ბავშვთან, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს სახალხო დამცველის პანსიონში შეშვება.

„ამ წუთებში პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი. გზაში არიან ფსიქოლოგები, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ბავშვთან. ექვსი ბავშვი, რომლებმაც მოითხოვეს იქიდან გამოსვლა, გადაყვანილი არიან სხვაგან. 2006 წელს სახალხო დამცველი ვიყავი, როცა ეს პანსიონატი შეიქმნა. მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა ნინოწმინდასა და ზესტაფონში. შემიძლია, მაშინდელი ამბები მოგიყვეთ. მაშინაც ჰქონდათ მცირე პრობლემები შესვლაზე, თუმცა ეს მალე დალაგდა. მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო ქვეყნის მასშტაბით. ეს ორი ბავშვთა სახლი მოვლის თვალსაზრისით საუკეთესო პირობებით გამოირჩეოდა, თუმცა მაშინ მე, მერი მაღლაფერიძე, მაია გედევანიშვილი ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ყურადღება უნდა მიექცია, რადგან მაშინ იქ შედიოდა სახალხო დამცველი და არ არსებობდა აღრიცხვა სახელმწიფოს მხრიდან, არ იყო კონტროლის რაიმე მექანიზმი, რაც ახლა გამოსწორებულია.

2015 წლიდან იქ არსებობს ლიცენცია, შედის რეგულირების სააგენტო. იყო გარკვეული პერიოდი, როცა რეგულირების სააგენტოს რამდენიმე თვის განმავლობაში არ უშვებდნენ. ეს იყო აბსოლუტურად დაუშვებელი, თუმცა ამჟამად, ეს მდგომარეობა გამოსწორებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის განცხადებით, მიმდინარე ოთხი საქმიდან ორზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პანსიონატიდან გამოსულმა ბავშვებმა იქ არსებულ პრობლემურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

„სახალხო დამცველს უფლება აქვს და აუცილებლად უნდა იყოს შეშვებული. ცოტა გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ თურმე, 2018 წლიდან სახალხო დამცველი არ შესულა. დღეს რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური? როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში და ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი. ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან ორი არის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მიერ შესწავლილი საქმე და სამინისტროშია გადაგზავნილი. ორი საქმე არის აღძრული მას შემდეგ, რაც ბავშვები იქიდან წამოვიდნენ და თქვეს, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები და ეს გადაგზავნილი იყო სამინისტროში. პრობლემებს რბილად ვამბობ, რადგან არ მინდა, სახელი დავარქვა იმას, რაზეც გამოძიება არ არის დამთავრებული. სტრესია არა მხოლოდ ამ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვის და მეურვეებისთვის, ვინც შეიძლება ინფორმაციას ისმენდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.