პარტიამ „ხალხისთვის“, „პროგრესულმა საქართველომ” და კიდევ სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მიმართა

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ, „პროგრესული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კვაბზირიძემ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ –  “ალტერნატივამ”, “რეფორმატორებმა”,  “ერი და სახელმწიფომ ” საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტს განცხადებით მიმართავენ და თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვენ.

„დღეს დავარეგისტრირეთ განცხადება და მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რათა შეგვხვდეს ვინაიდან, მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმა, თუმცა კანონმდებლობა კვლავაც დისკრიმინაციულია ახლად შექმნილი პარტიების მიმართ.  ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი კვირის ვადაში გვიწევს 25000 ხელმოწერის შეგროვება, მაშინ როდესაც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში აგროვებდნენ მხოლოდ 5 ათას ხელმოწერას.  ბევრი სხვა ხელოვნური ბარიერი რჩება საარჩევნო კანონმდებლობაში ახლად შექმნილი პარტიების მიმართ. არადა ხალხის დაკვეთა არის ახალი პოლიტიკური პარტიების ძალების შემოსვლა. მივმართავთ პარლამენტის სპიკერს კახა კუჭავას, რომ შეგვხვდეს, რადგან დაუყოვნებლივ და უსწრაფესად შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ახალ პარტიებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სამართლიან პოლიტიკურ გარემოში,“ – განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

პარტია „პროგრესული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კვაბზირიძის განცხადებით, ფაქტია, რომ ძველ პარტიებს რომ არ უნდათ ახალი პარტიების წარმოჩენა და მათ ასევე, ძალიან კარგად იციან, რომ მათი დრო დიდი ხანია მოჭმულია.

„ძალიან კარგად მესმის არსებული პოლიტიკური ფაქტი. ძველ პარტიებს არ უნდათ ახალი პარტიების წარმოჩენა და მათი ხელშეწყობა, რადგან გადანაწილებულია ბიუჯეტი, გადანაწილებულია სატელევიზიო ეთერები, რომლებსაც პარტიის კვალიფიციურობის შემთხვევაში იღებენ ისინი. ეს ამოღებულია მოახლოებული არჩევნებისთვის, რადგან არ გამოჩდნენ ახალი მოთამაშეები ქართულ პოლიტიკაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი დრო დიდი ხანია მოჭმულია და საზოგადოებას აქვს დაკვეთა ახალ ძალებზე, რომლებსაც არა აქვთ ბნელი წარსული და ვერაფერს წამოაძახებენ,“ – განაცხადა გიორგი კვაბზირიძემ.