მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე – არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ

არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ვარაუდით,  ბავშვები დაკითხვაზე იმის გამო არიან , რომ ახალი საქმე აღიძრა გუშინ.

„ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, ეს ბავშვები დაკითხვაზე არიან იმის გამო, რომ ახალი საქმე აღიძრა გუშინ და რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით. მე როგორც გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სახალხო დამცველის ნებისმიერ მიმართვაზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე, არ აქვს უფლება, უარი უთხრას.

პარლამენტარები, საპატრიარქოს კომისიაა ჩამოსული, მეც დღეს ჩავერთე აქტიურად ამ მოვლენებში, მეუფე სპირიდონი და მისი თანამშრომლები აქ არიან მუდმივად, და კიდევ, რაც მთავარია, ბავშვები არიან. გვინდა, გავიგოთ თითოეული ბავშვი რას ფიქრობს, რა უნდა, სოცმუშაკები ამას ჩაინიშნავენ ინდივიდუალურად, სათითაოდ. სოცმუშაკები ამ ანგარიშს წაიღებენ და იმის მიხედვით, რა უნდა ბავშვს, გაარკვევენ იქ შემხვედრი წინადადება როგორია. ასე ამბობს მეუფე სპირიდონი, რომ ღამის პირველ საათზე წაიყვანეს 6 ბავშვი, ეს არაჯანსაღი რაღაცაა, არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება. ყველაფერს გავარკვევთ თანდათანობით, მშვიდად და წყნარად, როგორც უკეთესი იქნება ბავშვებისთვის, ისე გადავწყვეტთ.

ჯერ არცერთი ბავშვის სურვილი არ ვიცი, ჩვენი კომისიის წევრები ელაპარაკებიან და მეც ერთი სული მაქვს, როდის შევბრუნდები, რომ ჩავერთო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.