თურქეთის ელჩი – მივმართავ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს, მათ აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა უფლებას ახლავს პასუხისმგებლობაც, ამიტომ არ უნდა დაემუქრონ დასაქმებულებს

რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ჰიდროელექტროსადგურებზე თუ ენერგიის სხვა წყაროებზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია საქართველოს საქმეა. ეს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია. ამიტომ, მე რას ვფიქრობ, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“, არარელევანტურია, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ აქციებს მართავენ, კომპანიის თანამშრომლებს სამუშაო ადგილთან წვდომის უფლება უნდა მისცენ.

როგორც ელჩი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, მისთვის შემაშფოთებელია დისკრიმინაციული განცხადებები, რომელიც პროექტთან დაკავშირებით კეთდება.

„ეს გადაწყვეტილი იყო ჩემს ჩამოსვლამდე ბევრი წლით ადრე. რაც მე მაშფოთებს არის ის, არსებობს თუ არა პროტესტთან დაკავშირებული რაიმე სახის დისკრიმინაცია. ვგულისხმობ კომპანიის წარმომავლობას. თუ ეს ასეა, მაშინ მე მაქვს პრობლემა, რადგან ეს არის თურქული კომპანია, რომლითაც ვამაყობთ. ის კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას, მაგრამ უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საკითხი საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოების სტრატეგიას ეხება. ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ ნამახვანი ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა ვინც, გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ. თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ. მივმართავ პროტესტში ჩართულ მეგობრებს, დიახ, მათ აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც, ამიტომ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილთან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ელჩმა.