კახაბერ ქემოკლიძე – ზოგიერთ პარტიულ მაღალჩინოსანს შესაძლოა, წარმოუდგენია, რომ ტყუილი ნახევარ მსოფლიოს შემოივლის, ვიდრე თასმების შეკვრას მოასწრებს, მაგრამ თასმებს ჩვენ ძალიან სწრაფად ვიკრავთ

არ ვიცი, ეს კომიკური ბრალდებები რას ემსახურებოდა, მაგრამ ვიცი ერთი რამ, სიმართლეს ვერავინ გადაფარავს, კობახიძეს და ზოგიერთ პარტიულ მაღალჩინოსანს შესაძლოა წარმოუდგენია, რომ ტყუილი ნახევარ მსოფლიოს შემოივლის, ვიდრე თასმების შეკვრას მოასწრებს, მაგრამ ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, თასმებს ჩვენ ძალიან სწრაფად ვიკრავთ და ამას ისინი ნახავენ, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ სერიოზულს არაფერს მოელიან.

„ბატონ გახარიას მათგან განსხვავებით პოლიტიკური გამჭრიახობა ჰყოფნიდა იმისთვის, რომ სახელმწიფო არ დაზარალებულიყო, პარტია „ქართული ოცნება“ არ დაზარალებულიყო და იმედი გაეცრუებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გულწრფელად ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. ბატონი მელიას დაკავება რომ იყო აბსოლუტური აუცილებლობა, ეგ გიორგი გახარიამ ყველაზე კარგად იცოდა, მაგრამ როდესაც დახურულ შენობაში არის სადღაც 650-მდე ადამიანი, რომლებსაც პოლიტიკურ დონეზე, ცენტრალურ დონეზე ჩაშლილი აქვთ ინსტრუქცია. ორი ფაქტორი იყო მანდ გარდამტეხი, რომ რეალურად ბატონი გახარიას გადადგომამ დრო მისცა ყველას, მათ შორის ერთი მხრივ პარტია „ქართულ ოცნებას“, მეორე მხრივ ოპოზიციას, სადაც ძალიან ბევრი ცხელი თავი იყო, მესამე მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას და ამ უკანასკნელმა იმ ხუთი დღის განმავლობაში ჩვენი ინფორმაციით ძალიან აქტიურად იმუშავა, მათ შორის ოპოზიციასთან და სწორედაც ეს იყო გარდამტეხი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ფაქტობრივად ოპოზიცია აიძულა, რომ ძალადობაზე უბრალოდ არ უნდა წასულიყვნენ. ლოგიკურ ჯაჭვს რომ გავყვეთ, ხელისუფლებისთვის რადიკალიზაცია იქნებოდა დამღუპველი, რაც პირდაპირ ჩანდა, ხოლო ოპოზიციისთვის და რადიკალური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რადიკალიზაცია და საერთოდ ამ სიტუაციის გამწვავება პირდაპირპროპორციულად სტრატეგიული ამოცანა იყო. ჩემი აზრით ეგ შავით თეთრზე იყო იმ ღამესვე ნათელი. ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.