ვარლამ გოლეთიანი: მუშებს არავინ აბულინგებს,  კომპანიის ტრანსპორტს არ ვაძლევთ გადაადგილების უფლებას ხეობის მიმართულებით – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობის შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნდობით ვუყურებთ ამ პროცესს

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობის შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნდობით ვუყურებთ ამ პროცესს, – აცხადებს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, შემდეგ შაბათს არის დაგეგმილი მოსამზადებელი შეხვედრა.

„ხელისუფლების მოწვევით ჩამოდის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა. შეხვედრაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. მათი მოვალეობა და ფუნქცია არის, გაწიონ მედიაცია მხარეებს შორის, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ იგივე პირობები აქვთ წამოყენებული, რაზეც თავის დროზე უარი გვითხრა ხელისუფლებამ. ეს პირობები გულისხმობს ბარიკადების აღებას, პოლიციის გაყვანას, ხეობაში სამუშაოების შეწყვეტას და ამის შემდეგ დიალოგს. არ ვიცით, იმათ რას ეტყვის ხელისუფლება. მნიშვნელოვანი პროცესია და ნდობით ვუყურებთ ამ პროცესს.

რაც შეეხება გეგმებს, იცით, ხეობაში უკვე ექვსი ადგილი გვაქვს გადაკეტილი, კომპანიის კუთვნილ მანქანებს და ტექნიკას არ ვაძლევთ გადაადგილების საშუალებას და საღამოს ბარიკადთან გამოვხატავთ პროტესტს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა კომენტარი გააკეთა თურქეთის ელჩის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზეც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა უფლებას ახლავს პასუხისმგებლობაც, ამიტომ არ უნდა დაემუქრონ დასაქმებულებს“.

„მუშებს არავინ აბულინგებს, ამის კონკრეტული ფაქტები თუ აქვთ, ჩვენც გვაინტერესებს, ვნახავთ და ბულინგის ნაწილში ვიმოქმედებთ, თუ არსებობს ასეთი ფაქტი. ჩვენ არავის ბულინგისკენ არავის მოვუწოდებთ, უბრალოდ, არ ვაძლევთ კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილების უფლებას ხეობის მიმართულებით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.