სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე სამი დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში მუშაობს.

ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.

აღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობით განხორციელდა. ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.