ნათია თურნავა – ალბათ, დადგება მომენტი, როცა ვიმსჯელებთ ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე – ნელ-ნელა აქეთ მივდივართ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთ-საქართველოს შორის და პირველი მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით 15 ივნისს დაიძვრება.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანთან მათი მოქალაქეების საქართველოში გამარტივებული წესით მიღებაზე და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

“უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით სახმელეთო საზღვრები. ამან პირველი შედეგები უკვე მოგვცა სახმელეთო საზღვრების კვეთის თვალსაზრისით, მომატებული ტურისტული ნაკადების სახით ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. 15 ივნისს პირველი მატარებელი – ერევანი-თბილისი-ბათუმი დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს. ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვარზე შეუფერხებელი გადაადგილება მიმდინარეობს. უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა, მათ შეუძლიათ როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზებით გვესტუმრონ. აზერბაიჯანთან მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებისას საქართველოში მიღების წესების გამარტივებაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დააყოვნებს ეს გადაწყვეტილება და გვექნება შესაძლებლობა ტრადიციულად ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს საქართველოში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.