გიგა ბოკერია – ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები

ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და პარტია „საქართველოსთვის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

გიგა ბოკერიას თქმით, რაც გახარიას მხრიდან მოვისმინეთ იყო მხოლოდ „სადღეგრძელოები“ ან „ივანიშვილის რეჟიმის პოზიციის გამეორება“ და გახარიას გუნდის პოზიციები „ივანიშვილის რეჟიმის“ პოზიციებისგან არაფრით განსხვავდება.

,,ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა ორი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი, რომ ის მართავს ქვეყანას და აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, კობახიძეს ბოდვა სიტყვასიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს, არსად არ წასულა პოლიტიკიდან და ეს ისედაც ვიცოდით. მეორე, რომ მას სურს გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, პოტენციურად მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხედავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შანსებს. ეს ორი რამ უბრალოდ დაგვიდასტურდა და ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები. მოვემზადოთ ოპოზიციური ძალები მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკაზე შეთანხმებით და ამომრჩევლებთან ჩვენი გზავნილის მიტანით.

ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ გახარიას მხრიდან იყო სადღეგრძელოები, ან განმეორება იმ პოლიტიკური პოზიციების, რაც აქვს ივანიშვილის რეჟიმს ყველა საკვანძო საკითხზე. არცერთ ფუნდამენტურ საკითხში გახარიას და მისი გუნდის პოზიციები არ განსხვავდება ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებისგან, გარდა გახარიას პერსონალური საქციელებისა. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არა ის როგორ აფასებს ივანიშვილი და კობახიძე გახარიას, არამედ როგორ უნდა დაიწყოს ქვეყანაში გამოსვლა იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა გახარიას მონაწილეობით როგორც დეკორაციის, თუ მოთამაშის დახმარებით შეიყვანა ეს ქვეყანა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.