ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა რეალურია, საქართველო და უკრაინა თუ შეინარჩუნებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს, შეასრულებენ რეფორმებს, ამას ნამდვილად მოჰყვება შედეგები

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა მტკიცე და რეალურია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანემ ონლაინ კონფრენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც 30 წევრისგან შედგება და კონსენსუსზე დაყრდნობით მუშაობს.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განმარტებით, დღეს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კონსენსუსი არ აქვთ.

თუმცა, მისივე განცხადებით, უკრაინა და საქართველო თუ შეინარჩუნებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს, შეასრულებენ რეფორმებს, ამას ნამდვილად მოჰყვება შედეგები.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის მტკიცე და რეალური. ნატო-ს ლიდერები ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილ სამიტზე ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ. ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც 30 წევრისგან შედგება და კონსენსუსზე დაყრდნობით მუშაობს. რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გვჭრდება კონსენსუსი. დღეს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კონსენსუსი არ გვაქვს. ამასთან, მინდა, მოვიყვანო ჩემი მშობლიური ქვეყნის, რუმინეთის მაგალითი. როდესაც კომუნიზმის დაცემის შემდეგ წინ წაწევის გზას ვეძებდით, 1990-იან წლებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ დასავლეთს, ანუ ნატო-ს და ევროკავშირს.

მახსოვს, რომ 1999 წელს ნატო-ს გაფართოების პირველ ტალღაში ჩვენი მცდელობა წარუმატებელი იყო. ამ დროს ჩვენს ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მაგრამ ნატო-ში ვერ გავწევრიანდით. ამან გამოიწვია დიდი პრობლემები საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. ახლა შეხედეთ, სად არის რუმინეთი და რა პოზიციიდან გესაუბრებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ უკრაინა და საქართველო შეინარჩუნებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს, თუ თქვენ შეასრულებთ რეფორმებს და ამას გააკეთებთ არა რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, არამედ საკუთარი ხალხისთვის, რეალურად დააბანდებთ ინვესტიციებს ევროპულ მომავალში, ამას ნამდვილად მოჰყვება შედეგები. ზუსტი თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მჯერა, თუ ერს ნამდვილად სწამს საკუთარი ბედისწერის და რეფორმებს განახორციელებს, შედეგი აუცილებელად დადგება. ნატო არასდროს აღიარებს ინტერესთა სფეროების პოლიტიკას, არასდროს აღიარებს, რომ ერთ ქვეყანას აქვს უფლება, უარი ათქმევინოს მეორეს საკუთარ არჩევანზე. ამას ნატო არასდროს დათანმხდება და არასდროს მიიღებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანემ.