„ფეხებზე და ხელებზე ფიცარი დამარტყა” – „ძალიან გამეტებით დამარტყა ფეხში ჯოხი, ხშირად გვცემდნენ” – ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები უცნობ ფაქტებზე საუბრობენ

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებს იხსენებენ და  პანსიონის მასწავლებლების მხრიდან სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებზე კამერებთან საუბრობენ.

მათი თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები შინაგანაწესს არ დაემორჩილებოდნენ, პედაგოგები მათზე ბლაგვ საგნით ძალადობდნენ.

“მასწავლებლებს, რომ გავაბრაზებდით ყურს აგვიწევდნენ, მაგრამ ძალიან, რომ გავაბრაზებდით კუთხეში დაგვაყენებდნენ და სანამ არ დაგვიძახებდნენ, იქამდე არ გამოგვიყვანდნენ. ან სხვა მეთოდით, ძალიან-ძალიან, რომ გავაბრაზებდით აიღებდა რამეს, ჯოხს ან რამეს და იმით გვცემდა. მეც ვუცემივარ. ფეხებზე და ხელებზე დამარტყა, ფიცარი იყო,” – განაცხადა ერთ-ერთმა მოზარდმა „რუსთავი 2″-თან.

ერთ-ერთი მოზარდის თქმით, თუ ბავშვი არ ისწავლიდა, ამ შემთხვევაში რამდენიმე საათით და ხშირ შემთხვევაში გვიან ღამემდეც ბავშვებს შიმშილი უწევდათ და დაწოლის საშუალებას არ აძლევდნენ.

“ფეხზე ავდექი, მასწავლებელი მოვიდა და ძალიან გამეტებით დამარტყა ფეხში ჯოხი. ხშირად გვცემდნენ. კიდევ საჭმელს არ გვაჭმევდნენ, სანამ არ ვისწავლიდით გაკვეთილს. თუ მთელი დღე ვერ ვახერხებდით სწავლას, მთელი დღე მშიერი ვიყავით. დღესასწაული, თუ იქნებოდა იმ დღეს გვაჭმევდნენ დილით, შუადღეს და ღამე არ გვაჭმევდნენ,” – აცხადებს ერთ-ერთი მოზარდი „რუსთავი 2″-თან.