ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 34.5 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოუყო

საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვნად გააძლიერებს 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხა დაემატება2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს,რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
,,დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით,მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.