მერის მოადგილე: სამ წელიწადში თბილისში მოეწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში 100 ჰექტარი განახლებული რეკრეაციული სივრცეა

გარემოს დაცვის პოლიტიკის გატარებისას მოწოდება იყო მწვანე რეკრეაციული ზონების მიწოდება დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

„სამი წლის განმავლობაში მოეწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში 100 ჰექტარი განახლებული რეკრეაციული სივრცეა. რამაც შედეგი მოახდინა დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, – განაცხადა ბასილაია.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ურბანულ პოლიტიკაში. „გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ სატყეო ზონა არ არსებობდა და დაახლოებით 14 000 ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში და ესაა იმის გარანტი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება. თუმცა მარტო ზონირებაზე არ შევჩერდით და ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას“, – განაცხადა ბასილაიამ.