მაღალი ალბათობით, ივლის-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა მიიღებს ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას და შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით ქვეყანა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, შესაბამისად, ექნებათ საშუალება, საქართველოში ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. ამისთვის კი, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება, რეგიონებში შეხვედრები და ასევე დამატებით ამცრელი ბრიგადების მობილიზება.

„ჩვენ რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე აცრა ყოველდღიურად. ამისთვის ახლა ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლის-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება.
მე ხშირად გეუბნებოდით, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როდესაც გარანტირებულად საწყობებში ყველა თვის დასაწყისში გვექნება სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ინტენსიურად ვემზადებით, გასულ კვირას მქონდა ვიზიტები რეგიონებში, დაგვრჩა აჭარა, გურია და რაჭა, ამ კვირაში მივდივართ იქაც, რომ ადგილებზე იყოს მეტი მზადყოფნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.